შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში პოლიციის შესვლას "გადაუდებელი აუცილებლობით" ხსნის.
მათი თქმით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ობიექტი დაილუქა.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტიდან შსს-ში რეაგირების მიზნით გადაგზავნილი მასალები დაედო.
მათი თქმით, ობიექტი შეზღუდვებს არ დაემორჩილა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა, თუმცა, საქმიანობა მაინც გააგრძელა.
შსს-ს განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, ამ მუხლის თანახმად, "იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით".
ფიტნესკლუბში სამართალდაცველები დაახლოებით 8 საათისთვის შევიდნენ. მათ შენობიდან ხალხი გაიყვანეს და სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც ობიექტი ბინად იქირავა. ის შენობიდან პოლიციელების გასვლას ითხოვდა. Reformerfitness შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, ფუნქციონირებას აგრძელებს.